ინდური კლასიკური მედიცინის სათავეებთან
აიურვედა, უფრო სწორედ აიურ-ვედა სანსკრიტზე ნიშნავს "სიცოცხლის ცოდნას", ანუ "ცოდნას სიცოცხლის პრინციპების შესახებ". აიურვედა ეს არის ინდური მედიცინის ტრადიციული სისტემა. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, აიურვედას ძირითადი პრინციპები 800 წ. ჩვ. წ. აღ-მდე ჩამოყალიბდა, ხოლო საბოლოო ფორმები მან დაახლოებით 1000 წ. ჩვ. წ. აღ-ით შეიძინა.
აიურვედას ძირითადი ტრაქტატები "ჩარაკა-სამხიტა" და "სუშრუტა-სამხიტა" დაწერილია ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე. ხშირად არა მხოლოდ აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში აიურვედას მედიცინის დედას უწოდებენ, რადგან ინდურმა კლასიკურმა მედიცინამ გავლენა მოახდინა არაბულ და ევროპულ მედიცინაზეც კი. აიურვედას საბაზისო პროცედურები (სუნთქვითი და პულსაციის მიხედვით დიაგნოსტიკა, სამკურნალო დიეტა, კუჭის გამორეცხვა, სამკურნალო აბაზანების მიღება და ა. შ.) ფართოდ შევიდა მრავალი ქვეყნის სამედიცინო პრაქტიკაში. აიურვედამ უდიდესი გავლენა მოახდინა ისეთ სამედიცინო დარგებზე, როგორებიცაა ქირურგია, თერაპია, ფარმაკოლოგია, ოფთალმოლოგია, მასაჟი, ნემსოთერაპია და დიეტოლოგია.
მიუხედავად XVIII-XIX ს.ს-ში ინდოეთში ინგლისელების მიერ შეტანილი ევროპული მედიცინისა, აიურვედამ არა თუ შეინარჩუნა საკუთარი ფორმები, არამედ ევროპული მედიცინაც საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია. აიურვედას პოპულარობა ევროპასა და ამერიკაში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო.
აიურვედა არა მხოლოდ მედიცინაა, არამედ ეს არის ფილოსოფიური სისტემაც, რომელიც ადამიანის კომპლექსურ მკურნალობას და მასში ჰარმონიის მიღწევას ქადაგებს. ის ორიენტირებულია, რომ ადამიანში მოწესრიგებული იყოს ყველა ენერგეტიკული მერიდიანი, ანუ ადამიანი არა მხოლოდ სწორი ცხოვრების წესით ცხოვრობდეს (კვების, ძილის, სუნთქვის და საერთოდ ცხოვრების რეჟიმი), არამედ მისი მენტალური, ემოციური მხარეც მოწესრიგებული და ჰარმონიული იყოს.
საერთოდ აიურვედაში გამოყოფენ რვა მიმართულებას:
კაიაჩიკიცა - შინაგანი მედიცინა
შალია - ქირურგია
შალაკაია - ოტოლარინგოლოგია
კაუმარაბხრიტია - პედიატრია, მეანობა
აგადია - ტოქსიკოლოგია
ვაჯიკარანა - გენეტიკური დარღვევების გაწმენდა, დამატებითი ენერგიის მიღება
რასაიანა - გაახალგაზრდავება, იმუნური სისტემის გაძლიერება
ბხუტავიდია (ტანტრა, პრანა, იოგა) - სულიერი მკურნალობა (ფსიქიატრია)
აიურვედაში უმნიშვნელოვანესია ე. წ. დოშას სისტემა, რომელიც სულ სამია:
ვატა - იმპულსის პრინციპი (სუნთქვის, სისხლის ცირკულაციის ფუნქცია).
პიტა - ენერგიის პრინციპი (ნაღველის გამოყოფის, საჭმლისმომნელებელი სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქცია).
კაპხა - ორგანიზმის სტრუქტურების მართვა (გამოყოფის და ლიმფის ფუნქცია)
ეს სამი დოშის სისტემა "პასუხისმგებელია~" ორგანიზმის ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ ფუნქციებზე. სწორედ დოშების სისტემით ხდება ადამიანის ინდივიდუალური კვლევა, რის საფუძველზეც ინიშნება ინდივიდუალური მკურნალობა.
საინტერესოა, რომ აიურვედაში ოცზე მეტი სამკურნალო მეთოდია, რომლებიც ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავდება და მოიცავენ როგორც ტრადიციული, ისე არატრადიციული მკურნალობის მეთოდებს.
P.S. ასევე საინტერესოა, რომ აიურვედაში პაციენტის მკურნალობის დაწყების წინ შეისწავლება მისი ჰოროსკოპი (ნატალური რუკა), რომელიც გარკვეულ დახმარებას უწევს პაციენტის უკეთესად შესწავლას (სწორედ მსგავს მომენტზე საუბრობს "მედიცინის მამა"- ჰიპოკრატეც).
No comments:
Post a Comment