© geoastrolog (რამაზ გიგაური)
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2014 წელი ცხენის წელია. ის 2014 წლის 31 იანვარს (თბილისის დროით 01:38 საათზე) დაიწყება და 2015 წლის 18 თებერვლამდე გაგრძელდება.
ცხენის წლისთვის დამახასიათებელია ენერგიულობა, აქტიურობა, მიზანსწრაფვა და მოვლენების სწრაფი, ზოგ შემთხვევაში კი კალეიდოსკოპური განვითარება. წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი იქნება შრომა (შედარებით დაიკლებს უშრომლად გამარჯვების მიღწევის ალბათობა). შეცდომა იქნება მხოლოდ გამართლების იმედზე ყოფნა. ასევე აუცილებელი იქნება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. წარმატებაც და წარუმატებლობის მიზეზები და უნარები ადამიანებმა 2014 წელს საკუთარ თავში უნდა მოძებნონ.
რას უნდა ველოდოთ 2014 ხის (მწვანე) ცხენის წელს
ცხენის წელს (1918, 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014) - აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ხის ენერგია მართავს. ფერის მიხედვით ამ წელს მწვანე (მეორე ვარიანტით კი ლურჯი) ფერი შეესაბამება.
2014 წელს „იან“, ანუ მამრული ენერგია მართავს. ეს მიანიშნებს მძლავრ და დინამიკურ იმპულსებზე. აქედან გამომდინარე, ამ წელს წარმატებას შედარებით ენერგიული და აქტიური ადამიანები მიაღწევენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინიციატივის გამოვლენა, კონკურენტუნარიანობა და გამძლეობის უნარი.
საერთოდ ცხენის წლისთვის დამახასიათებელია ცვლილებები და ბევრ ადამიანს სწორედ ამ წელს გაუჩნდება მძაფრი სურვილი, რომ 2014 წელს რაღაც შეცვალოს. სასურველია, რომ ადამიანებმა დროულად გაიაზრონ ცვლილებების აუცილებლობა და მისი ინიციატორებიც კი გახდნენ, ვინც ცვლილებებს დააყოვნებს, მოსალოდნელია ის ცვლილებების მსხვერპლი აღმოჩნდეს. ცხადია, ძველის ახლით ჩანაცვლება მტკივნეული პროცესია, ამიტომ იმ ადამიანებმა, რომლებიც განვითარებულ მოვლენებს ძნელად უღებენ ალღოს, რეალობის სწრაფ შეფასებას ვერ იღებენ და გადაწყვეტილებების მიღებაც უჭირს, სასურველია თადარიგი თავიდანვე დაიჭირონ, რათა მოსალოდნელ ცვლილებებს მომზადებულები შეხვდნენ.
2014 წელი ბევრი რამ შეიძლება ალოგიკურადაც განვითარდეს და შესაძლოა გაჩნდეს იმის შეგრძნება, რომ ბევრი რამ ურთიერთსაწინააღმდეგოდ ვითარდება და ლოგიკაში არ ჯდება, თუმცა მსგავსი ტენდენციები დამახასიათებელია ცხენის წლისთვის. ამიტომ, გაუმართლებელ რისკზე წასვლა არ იქნება რეკომენდებული.
მოვლენები სწრაფად და დინამიკურად განვითარდება _ სწრაფი ცვლილებები, მოულოდნელად გაჩენილი შანსები და ასევე მოულოდნელი კრახი, შემდეგ ისევ აღმასვლა ეს ყველაფერი დამახასიათებელი ცხენის წლისთვის. აქედან გამომდინარე მომავალ წელს ყველას მაქსიმალური მობილიზება და კონცენტრაცია მართებს, რათა არა მხოლოდ შექმნილი შანსების დროულად შეაფასოს, არამედ შესაბამისი რეაგირებაც მოახდინოს. ასეთი მიდგომა ბევრი ადამიანს არა მხოლოდ წამგებიანი სიტუაციებიდან თავის დახსნაში დაეხმარება, არამედ სასიკეთო პერიოდების მომგებიანად გამოყენების საშუალებასაც მისცემს.
კიდევ რაც ცხენს წელს ახასიათებს - მასშტაბურობაა. როცა ცხენის წელს რაღაც მოდის _ ხშირად მოდის ბევრი და მასშტაბური. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ რაიმეს დაკარგვაც მასშტაბურ ხასიათს იძენს ხოლმე. ამიტომ, `შავი ზოლის~ დაწყების შემთხვევაში სასურველია რისკზე წასვლაზე თავის შეკავება, სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა (ეს დანაკარგების ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებს).
ცხენის წელს წარმატებას მიაღწევენ ის ადამიანები, რომლებიც უპირატესობას პარტნიორულ საქმიანობას ანიჭებენ, მითუმეტეს, რომ ცხენის წლისთვის დამახასიათებელია პარტნიორობის განვითარება.
2014 წელს ბევრი ადამიანი მოიძიებს ახალ პარტნიორებს სამსახურთან და ბიზნესთან დაკავშირებით. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანების გაცნობა, ახალი ახალი მოკავშირეების მოძიება და ახალი მეგობრების შეძენა. ეს ხელს შეუწყობს კრეატიული იდეების დასახვას და ერთობლივი საქმიანობის დაწყებას.
იგივე ტენდენციები განვითარდება პირად ცხოვრებაშიც. გააქტიურდება სასიყვარულო ურთიერთობები, ბევრი ძველი ურთიერთობები აღდგება და ახალი კუთხით განვითარდება. ბევრი ადამიანი, რომელსაც ოჯახი ჯერ არ შეუქმნია, სწორედ 2014 წელს დაოჯახდება ან შეიძენს ახალ სასიყვარულო პარტნიორის. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში არასტაბილური სასიყვარულო სფერო შედარებით გამოსწორდება და ახალი ენერგიით გამოვლინდება.
2014 წლის რთული პერიოდები გაზაფხული და ზამთარი იქნება. ამ პერიოდში სიფრთხილისა და მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო. კონკრეტულად ეს იქნება იანვრის ბოლოდან - მაისის დასაწყისამდე პერიოდი და წლის ბოლო თვე.
ცხენის წელში გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელი იქნება შემდეგი თვისებების გამოვლენა: ინიციატივიანობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა, თავდაჯერებულობა, კონკურენტუნარიანობა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი, ასევე კომუნიკაბელურობა, გაწონასწორებულობა, ტაქტი და დიპლომატია.
2014 წლის პირველი ნახევარი შედარებით პოზიტიური იქნება წყლის სტიქიით (კირჩხიბის, მორიელის, თევზების ნიშნით), ხოლო წლის მეორე ნახევარი კი ცეცხლის სტიქიით (ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ნიშნით) დაბადებული ადამიანებისთვის.
2014 წელს დაფიქსირდება მზის ორი და მთვარის ასევე ორი დაბნელება. მზის დაბნელება იქნება 29 აპრილს (რგოლური) და 23 ოქტომბერს (ნაწილობრივი). მთვარის დაბნელება კი იქნება 15 აპრილს (სრული) და 8 ოქტომბერს (სრული).
No comments:
Post a Comment